პოლიტიკა
ჯოზეფ დოლი: "ვიზალიბერალიზაციის პირველი მომხრე ვიქნები, თუმცა არ მინდა იმედების გაცრუება"
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებებს აკეთებს. მისი განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"ჩამოვედი თბილისში იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ჩვენს პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გავიგე, რომ ბევრი რამ ითქვა პრესაში ჩემი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციას შეეხებოდა, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები და მე სწორედ ასეთი მიყვარხართ, მედიის თავისუფლების გამო. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი პარტია იყო სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და გაწევრიანებისთვის. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე გულწრფელი ადამიანი ვარ. გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიაში მიღებულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი: ჯერ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნებოდი ამის მომხრე, თუ ეს შესაძლებელია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება“,-განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ებრძოლოს კორუფციას.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.

Print