პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: "„ქართული ოცნების“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა მისაღები ფორმაა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა მისაღები ფორმაა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილათან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობა კონსულტაციები, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში, არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება“ გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისი განცხადება გაკეთდა „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ საჭიროა, გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი.

არჩევნებში დამოკიდებლად პარტიების მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ნორმალურია, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ პარტიები და შემდეგში უკვე ხდება გარკვეული კოალიციების შექმნა, არჩევნების შემდეგ. 2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს სხვა რეალობაა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა ოცნება არჩევნებზე. წინასაარჩევნო პროცესი 2012-ში იყო ძალიან მძიმე. დღეს სხვაგვარი რეალობაა. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ. „რესპუბლიკელი“ მინისტრები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მთავრობაში მუშაობას და ამ კუთხით არჩევნებამდე, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა პარტიათა შორის. პოლიტიკური დღის წესრიგი დღესდღეობით, არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


Print