პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვდება
გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს 20 აპრილს ეწვევიან. საქართველოს პრეზიდენტი ელისეის სასახლეში ფრანსუა ოლანდს შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზში, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებში, შეხვედრები შედგება ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან, „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან. გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებენ, ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევიან და მამულიშვილთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ. ქვეყნის პირველი პირი ლევილის საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებთანაც გეგმავს შეხვედრას და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლებულ ბიბლიოთეკასაც მოინახულებს.

მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.
Print