პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, „მშვიდობის ინსიტუტში“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ჯანდაცვას და განათლებას სთავაზობს. 

„ორი დღის წინ 17 წლის ბიჭი დააკავეს სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმისთვის, რომ ე.წ. საზღვარი, ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ასე ხდება ყოველდღე. აფხაზეთში, გალის რაიონში, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლებას უკრძალავენ“.

გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ „შეთანხმებაზე“ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერას და აღნიშნა, რომ ეს მორიგი უკანონო ქმედებაა.

ამასთან, იგი შეეხო ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ მოსალოდნელ რეფერენდუმსაც და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს „რეფერენდუმი“ შესაძლოა, იყოს რუსეთის მხრიდან ბერკეტი საქართველოს ნატო-სთან დაახლოების საწინააღმდეგოდ.
Print