პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების დეტალებს გაეცნო
9 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ საგამოძიებო ჯგუფს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდა.

თინა ხიდაშელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.

მას აფრიკიდან საგამოძიებო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ანა ტაბიძემ.

მათი განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასულ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე კეთილგანწყობით დახვდნენ. აღსანიშნავია პოზიტიური დამოკიდებულება საგამოძიებო ჯგუფის მიმართაც, რომელიც გენდერული თვალსაზრისით სათანადოდ არის დაკომპლექტებული და მის შემადგენლობაში, პროკურორებთან ერთად, ფსიქოლოგიც შედის.

ელჩის და საგამოძიებო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, საქართველო არსებული ბრალდებების საპასუხოდ გამოძიების დროულად წარმართვისთვის დადებით შეფასებებს იღებს, როგორც ცენტრალური აფრიკის მთავრობისგან, ისე გაერო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან. გაერო მზად არის, საქართველოს მის ხელთ არსებული გამოძიების მასალები სრულად მიაწოდოს.

ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგა და საგამოძიებო პროცესებს აქტიურად აწარმოებს.

თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას უწევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.


Print