პოლიტიკა
საქართველო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში დახმარებას სთავაზობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ელგასიმ ვეინს შეხვდა. შეხვედრას გაეროს სამხედრო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი მასუდიც დაესწრო.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილეს. საქართველომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა. ქართული მხარის ინიციატივას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ მოწვეული სამშვიდობო ოპერაციების სამიტი.

„ვცდილობთ დავაზუსტოთ გაეროს საჭიროებები და ზუსტად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები. საქართველო მზად არის, დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მზად არიან, საკუთარი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, გაუზიარონ აღნიშნულ ორგანიზაციას. ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო შესთავაზებდა. სწორედ, ამ პოზიციიდან და ამ რანგში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - განცხადა მან.
Print