პოლიტიკა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ჰამერბერგის მოხსენების მთავარი თემა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტმა შეხვედრაზე  ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობის,ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე ისაუბრა.

”მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
Print