პოლიტიკა
ნატოს მკაფიო გზავნილი რუსეთს
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს,შეცვალოს აფხაზეთისა
და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან, - ამის შესახებ აღნიშნულია ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"მოკავშირეები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე,“მოკავშირეები დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას. მოკავშირეები მიესალმებიან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებას. მოკავშირეები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები და, ასევე, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-სთან, ეუთო-სა და ევროკავშირთან, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.


Print