პოლიტიკა
ორი მინისტრი თანამდებობას ტოვებს
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საგანგებოდ" რესპუბლიკური პარტიის" მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უსუფაშვილის განმარტებით, პარტია მზად იყო, რომ მათი რიგებიდან მთავრობაში მყოფი წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე,თუმცა მისი თქმით," ქართულმა ოცნებამ" სხვაგვარად გადაწყვიტა. მათთვის მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელი აღმოჩნდა.

"ქართულმა ოცნებამ" სხვაგვარად გადაწყვიტა. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ დეტალურად,რას ნიშნავს ეს ყველაფერი," - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიასთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრთან დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც დღემდე უძღვებიან და ჩაერთვებიან პარტიულ აქტივობაში.

"პოლიტიკა არ არის კერძო პოლიტიკური ვნებების ასპარეზი. პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური. ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, მათ შორის მთავრობაშიც,“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა სხვა არჩევანი,იგი გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას" და რჩება მთავრობაში.
Print