პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხს და მთავრობას მიუსამძიმრა
მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხდებაში.

"მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში. მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად", - ნათქვამია მთავრობის მეთაურის წერილში.

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 22 ივლისს მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია.  „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა.  დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.
Print