პოლიტიკა
როლანდ ახალაიას საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განხილავს. კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე დღის წინ მიიღო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კომიტეტი მიიღებს დასკვნას, ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება კი, პარლამენტის უახლოეს სესიაზე მოხდება.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება.

სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

Print