პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები მთავრობაში
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანება გამოსცა. მისი ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში-ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.

ასევე, განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა კახეთის სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

ზემოჩამოთვლილი პირებიდან ზოგიერთი საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, ზოგი კი - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა.
Print