პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
"სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 48.2%-სა და 50.0%-ს შორის მერყეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ - 25.9%-სა და 27.7%-ს შორის, ხოლო ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ 4,6 % სა და 5,2 %-ს შორის.

ISFED-ის წარმომადგენლის თქმით, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდა, რამაც ამ უბნებზე ხმების ბათილად ცნობის საკითხი დააყენა, თუმცა ამ ხმებს არსებითი გავლენა არ ექნებოდა პროპორციული სისტემით ჩატარებულ საბოლოო შედეგებზე.

"ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 52,9% შეადგინა. ცდომილების ზღვარი +/-0,9%-ია. 2012 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა 60,9% იყო. საარჩევნო უბნების 97,9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოსაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების მონაცემებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია გამოკითხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა.

Print