პოლიტიკა
გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის ყოფილი მერის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას საჯარო წერილს აქვეყნებს. გიგი უგულავა თანაპარტიელებსა და პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს. რადიო"ათინათი" გთავაზობთ ამონარიდს საჯარო მიმართვიდან.

"მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო ინსტიტუტებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: ".. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..", მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ.

წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ“,-  წერს გიგი უგულავა.
Print