პოლიტიკა
მთავრობაში ცვლილებებია
სამთავრობო ცვლილებები რამოდენიმე სამინისტროს შეეხო. დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.  აღნიშნული ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი გამოეყოფა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ხოლო მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაემატა. ახალ - გაერთიანებულ სამინისტროს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი უერთდება. მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. შესაბამისად, თანამდებობებას დატოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

საკადრო ცვლილებეის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება. მის ფუნქციებს ეკონომიკის სამინისტრო შეასრულებს, რომელსაც ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრად კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 6 მინისტრი დატოვებს.

უფრო კონკრეტულად, მინისტრის პორტფელს ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.











Print