მსოფლიო
ობამა "ზიკას" ვირუსთან ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს
აშშ-ს პრეზიდენტმა ტროპიკული ვირუსის ზიკას გავრცელებასთან დაკავშირებით თათბირი გამართა. ბარაქ ობამამ სპეციალისტებს ვირუსის კვლევისა და ვაქცინის მოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ვირჯინიის შტატში დაფიქსირდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის სააგენტომ პოტენციურად საშიში ქვეყნები დაასახელა. სიაში 24 ქვეყანა შევიდა. ამჯერად, მას დომინიკანის რესპუბლიკაც დაემატა.

ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, 2015 წელს ბრაზილიაში, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ყველაზე დიდ საშიშროებას ვირუსი ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, რადაგან ის ახალდაბადებულებში მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს.
ბრაზილიაში ასეთი ბავშვების რაოდენობამ 4 ათასს მიაღწია. ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

ამასთან, დოიჩე ველეს ინფორმაციით, გერმანიაში 2013 წელს ვირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულებს ვირუსი ტრიპიკულ ქვეყნებში მოგზაურობისას შეეყარათ.

Print