მსოფლიო
პუტინი და ობამა სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ
რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დეტალები ტელეფონით რამდენჯერმე შეათანხმეს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, რა ფორმით გაიმართება ბარაკ ობამას და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება, ტელეფონით თუ პირისპირ, არ კონკრეტდება.

იორდანიაში ვიზიტისას კერიმ განაცხადა, რომ ცეცხლი შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეწყდეს, თუმცა, "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების, ისევე, როგორც სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ ოპერაციები გაგრძელდება. ამავე დროს, ბაშარ ასადის არმია გადაადგილებას განაგრძობს, კერძოდ, პალმირის მიმართულებით, რომელიც ისლამისტებმა გასული წლის მაისში დაიკავეს.

სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ჰომსში განხორციელებულ აფეთქებებს, სულ მცირე, 140 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დამასკოს გარეუბანში ოთხი აფეთქება გუშინ მოხდა, შედეგად, 87 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი ქალაქ ჰომსში მომხდარ აფეთქებას 57 ადამიანი შეეწირა.
თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნების არ უნდა ეშინოდეთ.

თითქმის ხუთწლიანი დაპირისპირების განმავლობაში სირია 11 მილიონზე მეტმა სირიელმა დატოვა. 250 000-ზე მეტი ადამიანი კი კონფლიქტს შეეწირა.
Print