მსოფლიო
„იუნონა“ იუპიტერის ორბიტაზე შევიდა
კოსმოსური აპარატი „იუნონა“, რომლის მიზანი იუპიტერის გამოკვლევაა, ამ პლანეტის ორბიტაზე წარმატებით შევიდა - იტყობინება ნასა.

იგეგმება, რომ ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის მისია წელიწადნახევარს გასტანს, რის შემდეგ, პლანეტის ატმოსფეროში ჩასვლისას, ის თვითგანადგურების პროგრამას განახორციელებს.

იუპიტერამდე მისაღწევად, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აპარატს 5 წელი დასჭირდა. ის 2011 წელს გაუშვეს და მას შემდეგ, 3 მილიარდი
კილომეტრი გაიარა.

პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეცნიერები პირველად შეძლებენ იუპიტერის ღრუბლების ქვეშ ჩახედვას და ამ პლანეტის და მზის სისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას. კერძოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ დადასტურდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ იუპიტერს მყარი ბირთვი აქვს.


Print