მსოფლიო
ბესლანში ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების დედები დააკავეს
ბესლანში "ნოვაია გაზეტას" და გამოცემა "ტაკიე დელას" კორესპონდენტები ელენა კოსტიუჩენკო და დიანა ხაჩატრიანი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ნათესავების მიერ გამართულ აქციას აშუქებდნენ.

ასევე დაკავებულია აქციის მონაწილე ხუთი ქალი, რომელთაც ქურთუკების ქვეშ, მაისურებზე, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდების შემცველი წარწერები ჰქონდათ გაკეთებული. დაღუპული მოსწავლეების დედები ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.

2004 წლის 1 სექტემბერს ტერორისტების 30 კაციანი ჯგუფი სკოლაში შეიჭრა და მოსწავლეებთან ერთად მძევლად მათი მშობლები და პედაგოგები აიყვანა. თავდამსხმელებს ათასზე მეტი ადამიანი სპორტულ დარბაზში სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. 3 სექტემბერს ძალოვნებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. ამ ტერაქტს 334 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი იყო.


Print