სამართალი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო იარაღი ამოიღო (ვიდეო)
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა ქ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპუნა ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ-ს საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, შავლეგ კ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „TS 870“-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი ჰორიზონტალურად მოძრავი ჩამკეტით და ცილინდრული ფორმის მჭიდით, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) მიმდინარეობს.

Print