სამართალი
სახალხო დამცველი:”სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის დოკუმენტი”
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2016 წლის 9 იანვარს ბორჯომში 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პარალელურად კი სახალხო დამცველის აპარატში საქმისწარმოება დაიწყო.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველჰყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები განახორციელონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად - დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველჰყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება განახორციელოს.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას.

Print