სპორტი
დავალიანების გამო "ზუგდიდი", შესაძლოა, პირველი ლიგის მიღმაც დარჩეს (ვიდეო)
ს.კ. ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა Primetime-ში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის დავალიანების შესახებ ისაუბრეს, რის გამოც, შესაძლოა, გუნდმა ლიცენზია ვერ გაიაროს და პრო 2-ში თამაში აეკრძალოს. ფეხბურთელების თქმით, მათთვის, სამთვენახევარია, ხელფასი არ გადაუხდიათ. ამის კონკრეტულ მიზეზს არ ეუბნებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი კლუბში ფულის არ არსებობაა. ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში გუნდისთვსის დარიცხული 600 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა.

"კლუბის შემოთავაზება იყო დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასების ჩარიცხვა. ეს არის თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩუმო, ამიტომაც უარი ვთქვით და შევთავაზეთ, დეკემბრის ბოლომდე თვენახევრის ხელფასი მაინც მოეცათ,დანარჩენი ორი თვის გასასტუმრებლად კი საკმაოდ დროს ვაძლევდით, თუმცა, ცივი უარი მივიღეთ. ვურჩევ კლუბის ხელმძღვანელობას, მოიძიონ ეს თანხები და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა "ზუგდიდმა" ითამაშოს პრო 2"-ში" - აღნიშნა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ ჯაბა მუჯირის განცხადებით, მან ზუგდიდის მერისგან მიიღო წინადადება, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელებს ორთვენახევარის ხელფასს დაურიცხავდნენ, ხოლო დეკემბრის დავალიანებას ვერ მიიღებდნენ. რაც შეეხება უკრაინელ ინვესტორს, მის წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ არსებობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მუჯირის თქმით, ფეხბურთელების მხარესაა. არსებული სიტუაცია კი კითხვის ნიშნებს აჩენს.

ამავე პრესკონფერენციაზე ფეხბურთელების რთულ საცხოვრებელ პირობებზეც გაამახვილეს ყურადღება. 

"დავალიანების გამო ჩაუჭრეს ელექტროენერგია და გაზი. ერთ-ერთმა კომპანიამ მათ საჩუქრად გადასცა სოსისები. ფეხბურთელმა კი ჩააბარა ეს სოსისები და ჩართო გაზი და ინტერნეტი სახლში", - დასძინა მუჯირმა.

"ზუგდიდის" ფეხბურთელების მოთხოვნაა, რომ 2-3 დღეში დავალიანება დაიფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ზუგდიდში, გუნდი არ იქნება.

ცნობისთვის, ს.კ "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას "საბურთალოსთან" მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
Print