კორონავირუსი
ფოთში პირბადეების წარმოება დაიწყო
ფოთში „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო. სამუშაო პროცესი  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა. მინისტრის თქმით, პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.
Print