კორონავირუსი
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 160 ათას ლარზე მეტი გაიხარჯა - მერია
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში გატარებული ღონისძიებები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ გააცნო. მანამდე, მან ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებებში არის ჩართული, მათ შორის, ექიმებს, მოხალისეებს და "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. კაკავამ ასევე ისაუბრა ბიზნესმენებზე, რომლებმაც მოწყვლად მოსახლეობას სასურსათო პროდუქტი დაურიგა.

მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თერმოსკრინინგი 13 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა და პროცესი დღემდე გრძელდება. მისივე ცნობით, ამ დრომდე - კორონავირუსზე 179 მოქალაქე გამოიკვლიეს, აქედან 60 კვლევა ჩატარდა "პრაიმედის" კლინიკაში. დაფიქსირდა კოვიდ 19-ის ორი შემთხვევა და ორივე პაციენტი გამოჯანმრთელებულია.


"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან მიმდინარეობს 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება. შექმნილია ცხელი ხაზი, სადაც შემოსულია დაახლოებით 8000-მდე სატელეფონო ზარი და 1000-მდე შეტყობინება, რომელზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. იცით, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. მერიის სამსახურებისა და კომისიების საქმიანობა ხორციელდებოდა ონლაინ რეჟიმში. მოქალაქეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას ღებულობდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახდენს მყისიერ რეაგირებას მოქალაქეთა საჭიროებებზე", - თქვა კაკავამ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბიუჯეტიდან 160 395 ლარი გახარჯა. კაკავას თქმით, ადგილობრივი ბიზნესმენების შემოწირულობით კი საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები დაურიგდა მოსახლეობას.

"ბიზნეს სექტორთან ერთად, საკვები პროდუქტი 4000 ოჯახს გადავეცით და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, 4 280 აღსაზრდელზე საკვები პროდუქტები ორ ეტაპად გაიცა. აღნიშნული ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 243 755 ლარი გაიხარჯა", - აღნიშნა მან.

მერიის ინიციატივით, სხვადასხვა ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ასევე მოირეცხა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
Print