კორონავირუსი
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით, 232 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 13-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. 60 წლამდე მამაკაცი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 19 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 7, ტყვარჩელის კლინიკაში - 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 13 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 398 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 213 პირი, ხოლო 12 860 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print