ახალი ამბები
სოხუმი კორონავირუსის გამო კონტროლს ამკაცრებს
სოხუმი, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩინური წარმოების საქონლისა და საკვები პროდუქტების შეტანის შეზღუდვას გეგმავს, წერს „ ნუჟნაია გაზეტა“. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ვიტალი ბგანბამ თათბირი გამართა. მან „საბაჟო კომიტეტს“ დაავალა დროებით შეზღუდოს ჩინური წარმოების პროდუქციის შემოტანა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ გამშვებ პუნქტებზე განთავსდება მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით შეამოწმებენ მოქალაქეებს, რათა არ დაუშვან აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლა. გარდა ამისა, შეიზღუდება "უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე" ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ მონაცემებით, დღესდღეობით აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა, წერს გამოცემა.




Print