რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ბოტანიკური ბაღის დატბორვაზე: ტყის მასივია და ბუნებრივია
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრმა პაატა ადამიამ ბოტანიკური ბაღის დატბორვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შეცდომა, სავარაუდოდ, პროექტირებისას არის დაშვებული. მისვე თქმით, მას დატბორილი ბაღი დღემდე არ ახსოვს და ეს შესაძლებელია ბილიკებზე ქვაფენილების დაგებამ გამოიწვია.

„დარღვეულია ის სადრენაჟო სისტემა, რომელიც დადიანების ბაღს ადრე ჰქონდა. აწეულია ბილიკები, რომელიც ასე არ იყო თავის დროზე და არც იყო გათვალისწინებული, როდესაც ის შენდებოდა. თუ ეს ასე გაგრძელდა და სასწრაფოდ არ გამოსწორდა დავკარგავთ ბაღის უნიკალურობას და ხე-მცენარეებს“, - მიიჩნევს ენმ-ს წევრი პაატა ადამია.

ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მამუკა წოწერია ამბობს, რომ დატბორილი ნაწილი ტყის მასივია და ჭარბი ნალექის გამო ბუნებრივია, რომ აქ წყალი ჩადგა.

„ამ თემაზე გვქონდა საუბარი მერიის წარმომადგენლებთან და თუ რამე შეიძლება დამატებით გაკეთდეს წყლის მოსაცილებლად, ეს ღონისძიება აუცილებლად გატარდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, იქ ხარვეზი არსად იკვეთება“, - თქვა წოწერიამ

ამ თემაზე საუბარი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ გააგრძელა და თქვა, რომ შექმნილი ვითარებით დაინტერესდნენ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლები და ისინი უკვე ზუგდიდში იმყოფებიან.

„ახლა, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, სპეციალისტები ბაღს ათვალიერებენ და აუცილებლად დაიგეგმება პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები“, - თქვა ჭეჟიამ.

ორდღიანი წვიმის შედეგად, ახლად რეაბილიტირებული ბაღის გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა.

ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მოხდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, "საქართველოს მუზეუმების ასოციაციის" მიერ მომზადდა.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა.

Print