ახალი ამბები
სტიქია ჩხოროწყუსა და სენაკში - ცენტრს მოწყვეტილი სოფელი და გარღვეული გაბიონი
ძლიერი წვიმის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში 50 მეტრიანი საავტომობილო ხიდი დაზიანდა. ხიდი, რომელიც ახუთს ჩხოროწყუსთან აკავშირებს, ავარიულია და მასზე მოძრაობა აიკრძალა.

დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და რეგიონული განვითარებისა და ინსფრატრუქტურის მინის მოადგილე კახა გულედანი. გულედანის განცხადებით, ხიდი იმდენად ავარიულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება.

ჩხოროწყუს გარდა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სენაკშის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდშიც იმყოფებოდნენ, სადაც მდინარე რიონის შენაკადი დამბიდან გადმოვიდა. წყალმა რამდენიმე ადგილას გაბიონიდან გამოჟონა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად სიტუაცია დარეგულირდა. კახა გულედანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამ ადგილზე გაბიონები მოეწყობა და დატბორვის საშიშროება მოსახლეობას აღარ ექნება.




გუბერნატორმა და მინისტრის მოადგილემ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზებიც დაათვალიერეს. მარტვილის რამდენიმე სოფელში წყლდიდობამ და მეწყერმა შიდა გზები დააზიანეს.



ლევან შონია და კახა გულედანი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში გაეცნენ.



ისინი დღესვე სოფელ ტყაიაში არსებულ ვითარებას გაეცნენ, სადაც მდინარე ენგურის კალაპოტის გარღვევის საშიშოება იდგა. გულედანის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი უკვე არსებობს და მისი განხორციელება მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყება.



ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც გუბერნატორსა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გააცნეს. ლევან შონიას შეფასებით, სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. რაც შეეხება ზარალს, კონკრეტული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.


ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია
Print