ახალი ამბები
მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება (ფოტო)
მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიის მეორე დღეს, მდინარე მესტიაჭალას არასტაბილური დინების გამო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაწყება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ღვარცოფის შედეგად დაზიანებულია „წრნიაშიდან“ სასმელის წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც დაბა მესტიის უდიდეს ნაწილს არ მიეწოდება სასმელი წყალი.

წყალმოვარდნის შედეგად განადგურებულია კერძო პირების კუთვნილი ავტომანქანები, კერძო საკუთრებაში არსებული კაფე-ბარი, დაზიანებულია ასევე ტერიტორიაზე არსებული მესტია-ჭალის ჰიდროლოგიური სადგურის ინფრასტრუქტურა და მესტია - ჭალაადის მყინვარის დამაკავშირებელი საცალფეხო და სამანქანო ხიდები.

ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია და არ დაიშვებიან მოქალაქეები. ჯერჯერობით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამავე თემაზე:

გარემოს ეროვნული სააგენტო: მესტიაში სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული




Print