ახალი ამბები
"ზუგდიდის სპორტ კომპლექსზე "ენმ“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია"- მგფ
მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. საუბარია ბრიფინგზე, რომელზეც ზუგდიდის საკრებულოს წევრმა დარიკო არქანიამ თქვა, რომ მგფ-მა ჩინურ კომპანიას შეუსრულებელი სამუშაოებისთვის 4 მილიონი ლარი გადაუხდა. მგფ-ის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ცრუ ინფორმაცია გააჟღერა. მათი მტკიცებით, ჩინურმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების პროპორციული თანხა 2 102 588 ლარი მიიღო.

"ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეუსრულებელი სამუშაოებისათვის ჩინურ კომპანიას 4 მილიონი ლარი გადაუხადა, არის ტყუილი და ცილისწამება. კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის მიერ დადასტურებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და პროპორციულად. კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხიდან, ავანსის გარანტიით სახელმწიფომ უკან დაიბრუნა 1 278 775 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედების საფუძველზე - პირგასამტეხლოს სახით, 1 136 421 ლარი. საბოლოო ჯამში, კომპანიამ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის მიიღო მხოლოდ 2 102 588 ლარი,"- ვკითხულობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ზუგდიდში, სპორტკომპლექსის ასაშენებლად უკვე მესამედ 2 მარტს გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით განხორციელდება.

ზუგდიდის სპორტკომპლექსი ექსპლუატაციაში 2022 წლის სექტემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეჩერდა.

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.


ამავე თემაზე:

საკრებულოს დეპუტატი, დარიკო არქანია ზუგდიდის სპორტკომპლექსის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

ზუგდიდის სპორტკომპლექსის დასასრულებლად ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ


Print