ახალი ამბები
ანაკლიის პორტის სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება - ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კერძო პარტნიორის შერჩევისთვის წინადადებების დაზუსტების ეტაპი მიმდინარეობს და ქართულ მხარეს ინტენსიური დიალოგი აქვს ორივე პრეტენდენტთან.

"მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ ჯერ კიდევ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. ამჟამად შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში. არანაირი სიურპრიზი არ არის. პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების თაობაზე, იმისთვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება კი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.


Print