მულტიმედია
პროექტის "ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“ შეჯამება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ თანმხლები კომპონენტის „ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“ საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი წარდგენა გაიმართა.

პროექტი „ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) გრანტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შესრულდა ასოციაცია „ათინათის“ მიერ, ხოლო საკონსულტაციო მომსახურება - „GOPA Consultants”-მა გასწია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ძირითად შედეგებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, დასახული ამოცანების მიღწევასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში (ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი და წყალტუბო) იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციების შესრულებულ სამუშაოებს.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
Print