მულტიმედია
35 წლის მანძილზე პირველად ვერ ვყიდი ვარდებს - მეყვავილე ციალა ახალაია ზუგდიდიდან (ფოტო/ვიდეო)
72 წლის ციალა ახალაიას ზუგდიდის სოფელ ინგირში სხვადასხვა ჯიშის ვარდი, დაახლოებით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. ოჯახმა ყვავილების ბიზნესი სამი ათეული წლის წინ დაიწყო და წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვარდების რეალიზაციას ვერ ახერხებს. ახალაიები ამბობენ, რომ ისინი სეზონზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარის ყვავილს ყიდდნენ და ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო.
„ამით ვირჩენდით თავს, ამით დავდგით ეს სახლი. ეს იყო ჩვენი სარჩო. ახლა კი, ყველამ იცის რა დრო დაგვიდგა... ამას ძალიან დიდი შრომა უნდა, 2-ჯერ სჭირდება შეწამვლა, გასხვლა, სარეველების მოშორება, სასუქის შეტანა და ა.შ. ყვავილების მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და წარმოდგენა არ გვაქვს, სად წავიღოთ და რა ვქნათ“, - ამბობს ციალა ახალაია.
მეწარმეს ყვავილების დიდი ნაწილი ღია გრუნტზე მოჰყავს, ნაწილი კი სათბურში აქვს გაშენებული. დახურულ სათბურში, ძირითადად, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები აქვთ.
„გვაქვს თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ბორდოსფერი ვარდები.  3 ათას ძირზე მეტი იქნება და არ ვიცით, სად წავიღოთ, არც გასვენებაზე სჭირდებათ და არც დღესასწაულებზე. ბაზარში ვყიდდით, ხან ვაბარებდით, ახლა აკრძალულია, აქ მოსვლა კი ყველას ეზარება. ყოველდღიურად, დილა-საღამოს 1000 ცალი არის დასაკრეფი“, - ამბობს მეყვავილე.
პანდემიამდე, ოჯახი ვარდების რეალიზაციას, როგორც ზუგდიდის ბაზარში, ასევე მიმდებარე მუნიციპალიტეტში ახდენდა. მას შემდეგ, რაც მოძრაობა შეიზღუდა, ოჯახის რძალმა, სამი შვილის დედამ მაკა კოდუამ ვარდების გაყიდვა ონლაინ გადაწყვიტა, თუმცა ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მაინც ვერ ყიდის.


„ფეისბუკის საშუალებით გადავწყვიტე ნაცნობ-მეგობრებში გამეყიდა, თუმცა დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ვერ ვყიდით, ეს ხარჯის მცირე ნაწილსაც ვერ დაფარავს. ყვავილები გვილპება და გვიწევს გადაყრა, ამის გაკეთებაა ყველაზე რთული. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს წელს“, - ამბობს მაკა კოდუა.
ოჯახს ჯერ წარმოდგენა არა აქვს, როგორ დააღწევს თავს კრიზისს, თუმცა ამბობენ, რომ მომავალ წელს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას და ბიზნესის გასავითარებლად, გრანტის მოპოვებას შეეცდებიან.



ავტორი:
თეა შონია
ლევან ბებია 
Print