მულტიმედია
ცეკვაში გაცოცხლებული აფხაზური მოგონებები და მასწავლებელი, რომელიც ენგურს გაღმა ცეკვაზე ოცნებობს (ფოტო/ვიდეო)
მაშინ, როცა აფხაზეთში, სახელმწიფო ანსამბლ „შარათინში“ ცეკვავდა, ვერ წარმოედგინა, რომ მომავალში უკვე საკუთარი ანსამბლის წევრებს მშობლიურ კუთხეში ვერ წაიყვანდა. ჟანა გაგუა 10 წელია ანსამბლ „ქილორს“ (ქართ. ხოხობი) ხელმძღვანელობს და ქართულ ტრადიციულ, მათ შორის, აფხაზურ ცეკვებსაც ასწავლის.
ჟანა 55 წლის წინ ტყვარჩელში დაიბადა. მისი ქართულ-აფხაზური ოჯახი აფხაზეთიდან სამეგრელოში საცხოვრებლად ომამდე წამოვიდა, თუმცა მშობლიურ კუთხეში ახლობლების სანახავად ხშირად დადიოდნენ.

განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს „შარათინში“ ცეკვის წლებს.

ანსამბლი ,,შარათინის’’ კონცერტი სოხუმის ფილარმონიაში

,,უმეტესად ეთნიკურად აფხაზები იყვნენ ანსამბლში, ვიყავით ხუთი- ექვსი ქართველი და ყველას იდეალური ურთიერთობა გვქონდა. თბილად მიმიღეს და მთელი სამი წელი ბევრი მოგონება მაკავშირებს მათთან, მათ შორის, გასტროლები, ურთიერთობები. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ცეკვებს ვსწავლობდით და ეს ძალიან მოგვწონდა“, - გვიყვება ჟანა.

გვეუბნება, რომ ,,შარათინის’’ მოცეკვავეებს ტელეფონით თუ ინტერნეტით დღემდე ეკონტაქტება, მათთან მეგობრული კავშირი არასოდეს გაუწყვეტია და ხშირად ერთმანეთს პროფესიულ რჩევებსაც უზიარებენ.

ანსამბლის საიუბილეო კონცერტი - 15 წელი დაარსებიდან

მისმა აფხაზმა მეგობრებმა იციან, რომ ჟანას შეგირდები აფხაზური ცეკვის შესწავლით არიან დაინტერესებულები. როცა დასჭირდა, მეგობრებმა აფხაზეთიდან დისკზე ჩაწერილი აფხაზური საცეკვაო სიმღერების ჩანაწერი გამოუგზავნეს.

ჟანა გაგუა რეპეტიციაზე თავის მოსწავლეებთან რუხის სკოლაში

,,აფხაზური ცეკვების პოპულარიზაციისთვის რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, რაც მისწავლია სახელმწიფო ანსამბლლში, რაც მახსოვს, ვუზიარებ მოსწავლეებს. ბავშვებიც დაინტერესებულნი არიან ამ ცეკვებით’’, - გვეუბნება ჟანა.

აფხაზური ცეკვის მასტერკლასი ქორეოგრაფებისთვის ანაკლიაში

„შარათინამდე“ იყო ცეკვა ბაღსა და სკოლაშიც. ბავშვობიდან იცოდა, მომავალში რა იქნებოდა მისი პროფესია და ახლა უკვე საყვარელი საქმე მისი შემოსავლის წყაროა.

ჩვენი რესპონდენტის მიერ დაარსებულ ანსამბლს მალევე ახალგაზრდა მოცეკვავე, აფხაზეთიდან დევნილი ნიკა ჯომიდავა შეუერთდა. ისინი 50 - მდე მოსწავლეს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და რუხის საჯარო სკოლაში ცეკვის გაკვეთილებს კვირაში სამჯერ ატარებენ.

ანსამბლ ,,ქილორის’’ ქორეოგრაფები ჟანა გაგუა და ნიკა ჯომიდავა

ნიკა ამბობს, რომ მოზარდები მონდომებულები არიან ქართული ქორეოგრაფიის შესწავლით და მიიჩნევს, რომ აფხაზური ცეკვების პოპულარიზაცია ახალი თაობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ანსამბლ ,,ქილორის’’ მოცეკვავეები

,,ძალიან კარგად ეწყობიან ბავშვები აფხაზური ცეკვების სწავლებას, თვითონაც სურთ, რომ ისწავლონ, ძალიან მონდომებულები არიან. ჩვენ რითაც შეგვიძლია ვეხმარებით ამაში, ვასწავლით აფხაზურ ცეკვებს და შემდგომშიც გავაგრძელებთ აუცილებლად’’, - გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა მოცეკვავემ.

ჟანასაც და ნიკასაც სურთ, მალე დადგეს დღე, როცა „ქილორის“ წევრებს აფხაზეთში გასტროლით წაიყვანენ და იქ იცეკვებენ. იციან, რომ ახლა ეს შეუძლებელია, თუმცა მშობლიურ კუთხეში ცეკვის იმედს არ კარგავენ.

,,ჩელას'' უფროსი თაობის გასვლითი კონცერტი ჩოხატაურში 2019 წელს

,,როცა ენგურს გაღმა მეგობრები ერთმანეთში ვსაუბრობთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ იქ, აფხაზეთშიც და აქაც, სამეგრელოში ერთობილვად ჩავატაროთ კონცერტი’’, - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს ჟანა გაგუა.

,,შარათინის’’ მოცეკვავეები საზეიმო კონცერტზე მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის წინ სოხუმში

მანამდე კი ცეკვითვე აცოცხლებს ბავშვობისა და სტუდენტობის მოგონებებს და თან ცდილობს, მოცეკვავეებს მონატრებული აფხაზეთი ამ კუთხით ასწავლოს და შეაყვაროს.



ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.




Print