მულტიმედია
ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა "აფხაზეთი საქართველოა" გაიხსნა (ვიდეო)
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი გამოფენას "აფხაზეთი საქართველოა" მასპინძლობს. ნიკოსეული სასახლის სამეჯლისო დარბაზში მუზეუმში დაცული, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არტეფაქტების დათვალიერებაა შესაძლებელი. გამოფენის მიზანიც აღნიშნული არტეფაქტების წარმოჩენაა, რომელთა უმეტესობა ადასტურებს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

წარმოდგენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ხოლო შემდგომ უკვე მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული მასალები, მათ შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI-X საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ცული, სპილენძის ყალიბთან ერთად - თაგილონიდან, რუკები.

გამოფენაზე ასევე იხილავთ წარწერიან ქვას ჯეგეთიდან, (ასომთავრული ანბანური დამწერლობით შესრულებულს), რომელიც თარიღდება მე–17 საუკუნით, ლევან დადიანისა და აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის მოღვაწეობის პერიოდში.

წარმოდგენილია დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები, აფხაზური მუსიკალური საკრავი - აფხიარცა და ფოტომასალა.

მათი დათვალიერება 24 დეკემბრამდეა შესაძლებელი ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე.

Print