ახალი ამბები
ჩხოროწყუს მკვიდრი გუბერნიის შენობის წინ მჯდომარე აქციებს გეგმავს
ჩხოროწყუს მკვიდრი თამუშა ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მჯდომარე აქციებს გეგმას. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლი ზაფხულში სტიქიამ დაუზიანა და ამ დრომდე შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია. გარდა ამისა, ამბობს, რომ მას ორი წლის წინ სოციალური დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს.

„ღია ცის ქვეშ ვარ. ვიყავი რიგში, კომპენსაცია უნდა მოეცათ, მაგრამ ჩვენ ნაცვლად სხვას მისცეს. სოციალურიც ისე მომიხსენს, არ შეუმოწმებიათ არაფერი. სულ ვაწუხებ ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ აბუჩად მიგდებენ“, - აღნიშნა ახალაიამ.

თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის უფროსი ავთანდილ ცქვიტაია ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მისი მდომარეობა რამდენჯერმე გადაამოწმეს.

„ახალაიას 2 ჰექტარი მიწის ფართობი, 10 მსხვილფეხა საქონელი და მშენებარე სახლიც აქვს, რაც დეკლარაციაში ფიქსირდება. შესაბამისად, ეს არის საფუძველი იმისა, რომ მას მოხსნოდა სოციალური დახმარება“, - თქვა ცქვიტაიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ნუგზარ გაბელიას თქმით, მას 1000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება გაეწია.

„ითხოვს სახლის აშენებას. ვუხსნი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი პროგრამა, მაგრამ არ გააცნია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ჰქონდა მოთხოვნა ხე-ტყის მასალის მოპოვებაზე, ეს ნებართვაც მიიღო, თუმცა, გამოიყენა თუ არა, არ ვიცი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გაბელიამ.

72 წლის თამუშა ახალაია ჩხოროწყუში შშმპ შვილთან ერთად ცხოვრობს.


Print