ახალი ამბები
TI: სენაკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი სრულყოფილად არ ფუნქციონირებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდები შეისწავლა და მიღებული შედეგები გამოაქვეყნა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ და გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. TI-მ შეისწავლა, აქვთ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და ასრულებენ თუ არა ისინი ამ ვალდებულებას.




TI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას. გარდა ამისა, არასრულად ქვეყნდება მონაცემები მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ. ასევე, არ ქვეყნდება მონაცემები საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.




„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სენაკის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა, შეასრულოს 2016 წლის 25 მარტს მიღებული N13 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print