ახალი ამბები
არადეკლარილებული ბიზნესკავშირები მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში TI-ის მიხედვით
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც არასრულად შეავსეს დეკლარაცია, ინფორმაციას ავრცელებს. TI-ის კვლევის თანახმად, მათ არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში 100-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლეს, რომელთაგან 7 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 3 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.



TI-ის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გრიგალავას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი ლაშა გრიგალავა ფლობს წილებს და არის დირექტორი რამდენიმე კომპანიაში. მათ შორის, არის შპს “ლაგი ჯგუფი” 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს “გეომარტ”33,3% წილის მფლობელი, შპს “ლაგი კაპიტალი” 25% წილის მფლობელი, შპს “დიდი მეგობრობა” 11,5% წილის მფლობელი.

მარტვილის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარეს ზაალ გოროზიას კი 2017 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ იგი არის “ჯეო ქარგოს” 100% წილის მფლობელი. .



ხოლო მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაურ ჩართოლანს 2017 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ არის შპს “ტურისტულ ალპინისტთა კლუბი მთის ლეგენდა”–ს 12.5% წილის მფლობელი და კოოპერატივ “რკ სპადრიანი”–ს დირექტორი. რაც შეეხება მესტიის მერიის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს დავით რატიანს, 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი შვილი, დავით რატიანი არის შპს “ლაიკ ტურ ჯორჯიას” 50% წილის მფლობელი და შპს “სტანდარტ გრუპ გეორგიას” დირექტორი. მესტიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს თეიმურაზ ნავერიანს კი 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე ნინო ნიგურიანი არის შპს “გაბრიელის” 33% წილის მფლობელი.

ამასთან, თეიმურაზ ნავერიანი დეკლარაციის შევსების შემდგომ, 2017 წლის 22 სექტემბრიდან გახდა შპს “ფინანსისტის” 34% წილის მფლობელი და დირექტორი, რაც, TI-ის მიხედვით, წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.



ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსს მაია მაკალათიას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს M.M.M. 100% წილის მფლობელი და დირექტორი.


ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკიამ 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის ფლობს შპს “ფლორა და ფაუნას” 25% წილს.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.
TI პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირთა მიერ არასრულად წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების შესახებ, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს და ამავდროულად, კორუფციის საფრთხეებსაც შეიცავს.

ამავე თემაზე:

TI სამეგრელოში თანამდებობის პირების არადეკლარირებულ ბიზნესკავშირებს აქვეყნებს

Print