რეგიონი
საჯარო მოხელეების განმარტებები მაჟორიტართან შეხვედრაზე დასწრების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ნაწილი დღეს მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ანგარიშის წარდგენას დაესწრო. შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12 საათზე დაიწყო და დაახლეობით, საათნახევარი გაგრძელდა. დამსწრეებს შორის იყო სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია. მისი განმარტებით, სამუშაო დროს სამსახურში მისი არყოფნის შესახებ ზემდგომი თანამდებობის პირი დაუწყებული იყო.

მისგან განსხვავებით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ნანი მიქენაია ამბობს, რომ მისი შეხვედრაზე ყოფნის შესახებ შესაბამისი პირები დაუწყებულნი არ იყვნენ.

„არ მქონდა ნათხოვნი, რადგან, მაჟორიტარი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია თვითმმართველობის საქმიანობასთან და ამდენად, სავალდებულოდ ჩავთვალე მომესმინა მისთვის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მიქენაიამ.


ფოტო: ზუგდიდი მერია

მერიის ადმინისტრაციის უფროსის თენგიზ შანავას მტკიცებით, ის მერიის სამსახურების თანამშრომელთა სამსახურში არყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„მე მივედი სასახლეში, როცა გარემოვაჭრეების შესახებ შევიტყვე და ვიყავი ფოიეში. არ ვიცი, თუ იყო რომელიმე საჯარო მოხელე შეხვედრაზე“, - აღნიშნა შანავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას თქმით, ის შეხვედრაზე ცოტა ხნით იმყოფებოდა და საჯარო მოხელეები არ უნახავს.

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ის წინასწარ დაუწყებული იმის შესახებ, რომ მისი თანამშრომლები სამუშაო საათებში სამსახურში არ იმყოფებოდნენ, გოგიამ გვიპასუხა:

„თქვენ გეკითხებით, ისინიც ამომრჩევლები არიან და ჰქონდათ თუ არა უფლება მაჟორიტარის ანგარიშისთვის მოესმინათ? სამუშაო დროს რაც შეეხება, შესვენების დრო ერთი საათით ადრე რომ გამოეყენებინათ, არ შეეძლოთ?“, - თქვა გოგიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელეებს ერთდღიანი შვებულება არ ჰქონდათ აღებული, მათი აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება კანონდარღვევაა.

„თუ მათ ერთდღიანი შვებულება ჰქონდათ დაწერილი და ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა, ეს არ არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევა, თუმცა, თუ ასეთი ნებართვა არ არსებობდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუ რამე სპეციალური შეხვედრა არ არის და საუბარია მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე, სამსახურში არყოფნა დაუშვებელია“, - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სანქციების გაცემა მერიის პრეროგატივაა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას შეხვედრას, რომელზეც მან ანგარიში წარადგინა, ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაესწრნენ.
მერაბ ქვარაიას განმარტებით, რომ, შეხვედრის შესახებ, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნა 10 000-მდე ზუგდიდელს.

„ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომ თითოეული ზუგდიდელი დაუწყებული ყოფილიყო შეხვედრის შესახებ და აქ დასწრება დღეს ნებისმიერ მათგანს შეეძლო, საჯარო მოხელეებს კი ანგარიშის მოსმენას ვერ ავუკრძალავ“, - განაცხადა ქვარაიამ.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ (ვიდეო)




Print