ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე გაეცნო
მთავრობის მეთაური მამუკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბშიც მივიდა, სადაც მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. მან შესაბამის უწყებებს, მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მათი მომარაგება დაავალა.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები...პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვინაიდან წყლის დონე დაწეული არ არის, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, დაცლილია ის სახლები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.

“მოსახლეობას ვეხმარებით, რომ გამოიტანონ თავიანთი ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურად შეკეთებას ვერ დავიწყებთ მანამ, ვიდრე წყლის დონე არ დაიკლებს. ახლა მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო გამორეცხვა. ჩვენ განვახორციელეთ იმ ადამიანების ევაკუაცია, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა. რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ უახლოესი საათების განმავლობაში. სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს”, - აღნიშნა პრემიერმა.

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

ამავე თემაზე:

დატბორილი ჭუბერი - ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან

Print