რეგიონი
გეოლოგი: სტიქიის პროვოცირება ხე-ტყის უსისტემო ჭრამ გამოიწვია
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. მისი თქმით, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები ერთდროულად განვითარდა, რასაც წინ მყინვარწვერის და ნარჩენი თოვლის დნობა უძღოდა, რომელსაც უხვი ნალექი დაემატა.

გეოლოგის მტკიცებით, სტიქიის გამომწვევი მთავარი მიზეზი ნენსკარს მარჯვენა შენაკადზე, მდინარე ოკრილაზე წყლის დაგუბება იყო, რომელიც მერქნულმა ნარჩენებმა და ქვა-ღორღმა გამოიწვია. გაფრინდაშვილი ამ ყველაფრის მაპროვოცირებელ ფაქტორად ხეობებში ხე-ტყის უსისტემო ჭრას ასახელებს.

„ეს იყო წყლის დებიტის ისტორიული მაქსიმუმი, რაც ნენსკრას ხეობაში დაფიქსირებულა. წყლის ხარჯი იყო 220 კუბური მეტრი წამში. აქამდე ისტორიული მაქსიმუმი 160 კუბური მეტრი წამში იყო. ეს ძალიან დიდი ხარჯია. სტიქიასთან კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც, ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს პროცესი, როგორც წესი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ამ მიმართულებით მეტი კონტროლია საჭიროა. ხე და მცენარეულობა სენსიტიურ ფერდობებზე ამ პროცესების შემაკავებელია “, - თქვა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და ისეთი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

ამავე თემაზე:

ჭუბერში ხვალიდან გამოიდარებს
Print