ახალი ამბები
ჭუბერში სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა
ჭუბერში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან სამუშაოები განახლდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანელური ხიდების მონტაჟის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და შესაბამისი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

„ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მდინარის მარცხენა ნაპირზე ტექნიკის შეყვანა, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება და დაიწყება მასშტაბური სამუშაოები. დღეს იმუშავებს სამოცზე მეტი ტექნიკა“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ პრესსამსახურში.

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით. ჭუბერში იმყოფებიან მოხალისეები, ახალგაზრდები და სტუდენტები, რომლებიც გაწმდენით და სხვა სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. ასევე, დღეიდან დაიწყება საკვები პროდუქტების დარიგება, რომელიც ჭუბერში სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებამ გააგზავნა.



„პროდუქტები დაურიგდება როგორც სტიქიის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე, ჭუბერში მცხოვრებ სხვა ოჯახებს“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, დენი ჭუბერში მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების კი მასშტაბურ სამუშაოებს ასრულებენ, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში დასრულდება აღდგენა.

ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობენ.

ამავე თემაზე:

ვიბლიანი: ჭუბერში სამხედრო ტექნიკამ მუშაობა დაიწყო


Print