ახალი ამბები
გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები და გათიშული დენი - ძლიერი ქარი სამეგრელოში
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინფორმაციით. ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს გადახადა სახურავი და წააქცია ხეები. საუბარია აბაშის პირველ საჯარო სკოლაზე და ასევე, სოფელ მადანში საბავშვო ბაღზე.

„შესაბამისი ჯგუფები ადგილზე არიან გასულები“, - თქვა მაკალათიამ.

საცხოვრებელ კორპუსსა და სახლს გადახადა სახურავი ქარმა ხობსა და ჭალადიდში. გარდა ამისა, მერმა გოჩა ქაჯაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ქარიატაში დაზიანებულია ბონდის ხიდი.

ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, სოფელ ლესიჭინეში ელექტრობოძს ხე დაეცა და წააქცია, რის გამოც ახუთსა და ლესიჭინეს დენი არ მიეწოდება.

„ძირითადად, პრობლემებია ლესიჭინეში, ახუთში, ნაფიჩხოვოსა და ქვედა ჩხოროწყუში. ძალიან ძლიერი ქარია და ფაქტობრივად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული“, - გვითხრა გოგუამ.

საფეხბურთო აკადემიის შენობის ნაწილი დააზიანა ქარმა მარტვილში, თუმცა, მერის ალექსანდრე გრიგალავას თქმით, დაზიანება აღმოფხვრილია.

სტიქიის შედეგად ხეები წაიქცა სენაკში, ფოთში კი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება ზუგდიდს, მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობას ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აბაშაში, ძლიერი ქარის გამო მოტეხილი ხე დაეცა 35 კვ ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბაშის რაიონის სოფლების ნაწილს. დაზიანებული ფიდერების გამო კი დენის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ აბაშის ქუჩების მცირე ნაწილსაც.

ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, კომპანია ამ წუთებშიც მუშაობს სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად.

"უამინდობა ართულებს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური ცდილობს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად მოახდინოს ავარიების ლიკვიდაცია. ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო მარტვილის რაიონის ნაწილშიც. კომპანიის ოპერატიული მუშაობის შედეგად, რაიონს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი სამეგრელოში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი 
Print