ახალი ამბები
კახათში პოლიეთილენის პარკით გადახურული დევნილთა საცხოვრებლის გადახურვის სამუშაოები დაიწყო
კახათში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, დღეს დილიდან გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი დევნილი თეონა ქარდავა წერს. მისი ინფორმაციით, სამუშაოები საერთო საცხოვრებლის ორ კორპუსში ტარდება.

„მადლობა ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოახდინა სწრაფი რეაგირება პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - წერს ქარდავა.

ქარდავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მერიამ გადახურვის გადაწყვეტილება შს მინისტრის გიორგი გახარიას დავალების შემდეგ მიიღო.

„ჩვენთან მოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ დიასამიძე და გვითხრა, რომ გახარიასთვის ჩვენი პრობლემის შესახებ ცნობილია და ერთ კვირაში, როცა ჩამოვა, ჩვენთანაც მოვა აუცილებლად“, - თქვა ქარდავამ.

მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, კახათის საერთო საცხოვრებლის გარდა, სამუშაოები დაწყებულია ოქტომბრის დევნილთა ჩასახლებასა და რუხშიც. მისივე თქმით,  დღეს დაიწყება ორსანტიაში საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოებიც.

„რაც შეეხება იმას, რომ დავალება გახარიასგან მივიღეთ კახათის დევნილთა ჩასახლების გადახურვის შესახებ, ის ვიცე-პრემიერია და ცხადია, ეცნობოდა პრობლემებს ჩვენთან ერთად. ჩვენ ყველა დაზარალებულთან მივდივართ“, - თქვა ნანავამ.

მისივე თქმით, ზუგდიდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაც დაწყებულია.

ფოტო: თეონა ქარდავა

ამავე თემაზე:

კახათში ჩასახლებული დევნილები გიორგი გახარიას მისვლას ითხოვენ

  დევნილებმა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის პარკი მიიტანეს
Print