ახალი ამბები
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა
სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, ის 7 მილიონ ლარს აღემატება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ძლიერმა ქარმა რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კი სამშენებლო მასალის გაცემა მიმდინარეობს.

"რაც შეეხება საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება“, - აცხადებენ გუბერნიაში.

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.



Print