ახალი ამბები
ლაშა გოგიას ადვოკატი: ყოფილი მერი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს
ზუგდიდის ყოფილი მერის  ადვოკატის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, რაზეც ის აუცილებლად ისაუბრებს. მისვე თქმით,  „ქართული ოცნებიდან“ ყოფილი მაღალჩინოსნის თანაგუნდელები, დღეს ხმას არ იღებენ და მათაც ეშინიათ, რომ ისინი გოგიას გვერდში არ მიუსვან. ადვოკატი ამბობს, რომ  ზუგდიდის ყოფილ მერს ქრთამი არ აუღია და ის მმართველი პარტიის წევრისა და მაჟორიტარ-დეპუტატ ედიშერ თოლორაიას მსხვერპლია, რომელსაც მისივე განმარტებით, ხელისუფლებაში ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.

„ლაშა გოგია საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მატარებელი პიროვნებაა, რადგან ეს ადამიანი ზუგდიდის მერობის გარდა, სახელმწიფო სამსახურში უამრავ პოზიციაზე მუშაობდა. ის ბევრი რამის თქმას აპირებს, ისაუბრებს ყველაფრის შესახებ, რადგან გოგია ქვეყანას უმწიკვლოდ ემსახურებოდა.  თოლორაიას შეიძლება, მიწის გარდა სხვა ინტერესიც ჰქონდა, მაგალითად, ლაშა გოგია მერობის თანამდებობიდან მოეხნა და შემდეგ გზა გახსნოდა ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი ცნობით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ლაშა გოგია მხოლოდ ერთი პირის, ერთი ბიზნესმენის ჩვენების საფუძველზეა დაკავებული.

„ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი კაცის ჩვენებით, ეჟოვის და იაგოდას დროს არ იჭერდნენ ხალხს. არც ფულის გადაცემაა, არც ოპერატიული მასალაა. ჩანაწერშიც, საუბარია, რომ ფული ვიცე-მერმა აიღო, გოგია ეუბნება, თუ ვინმემ აიღო ფული, მოსთხოვეო. კვირკვიამ პირველი ჩვენებისას თქვა, რომ ფულის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რამდენიმე დღეში ჩვენება შეცვალა. რომელ ჩვენებას დავუჯერო? ამ ადამიანს ორი პასპორტი აქვს, საქართველოში კვირკვიაა, რუსეთში ოგნევი, დაკითხვის ოქმში მითითებული მისი საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს, შსს-მ ასეთი პიროვნება არ იძებნებაო. ჩანაწერი ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა, „რუსთავი2“-ზე გავიდა, ვიღაცას ამის დანაშაული რომ დაენახა, ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავდენ? თოლორაია დანაშაულის შეუტყობინებლობაზე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, გამოძიება შერჩევით მართლმსაჯულებას ახორციელებს“, - აცხადებს მჟავანაზე.

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგიას ადვოკატი: განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს











Print