ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი სვანური კოშკის მიმდებარედ ავტოსადგურის მოწესრიგებას ითხოვს
ზუგდიდში, სვანური კოშკის მიმდებარედ, ავტოსადგურის ტერიტორიის მოუწესრიგებლობაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ ისაუბრა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე საკრებულოს წევრებს ტერიტორიის ფოტოები აჩვენა და იქ არსებულ სიტუაციას სამარცხვინო უწოდა.

„წლებია, რაც აქედან გადის ტრანსპორტი სვანეთის მიმართულებით და გარკვეულწილად, ჩვენი სვანი თანამოქალაქეებისთვის სიმბოლური ტერიტორიაა. აქედან გადიან, როგორც ადგილობრივები, ასევე, ტურისტები და ამ სადგურისთვის შეიძლება ცივილური ფორმის მიცემა, მით უმეტეს, რომ ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - აღნიშნა შელიამ.

მის საპასუხოდ კი ჭეჟიამ განმარტა, რომ არსებული ტერიტორიის მიმდებარედ, ე.წ. გულუას პარკის მიწაზე სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის დავა მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, შესაძლოა, რეკრეაციულ ზონად დარჩეს და პარკიც მოეწყოს.

„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო სანახავი ეს ყველაფერი. ახლა განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული და დავა მალე ამოიწურება. სასამართლომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა მიწა, თუმცა, კერძო პირმა პროკურატურაში შეიტანა სარჩელი. ერთად ვიმსჯელებთ, როგორ განვითარდეს იქაურობა. სავარაუდოდ, იდეის დონეზეა, რომ დარჩეს რეკრეაციულ ზონად და გაკეთდეს პარკი", - თქვა ჭეჟიამ.

აღნიშნულ ტერიტორიას ზუგდიდის მერიას ბიზნესმენი მანანა მიქავა ედავება.





Print