პოლიტიკა
მმართველმა პარტიამ გეგა შენგელია ზუგდიდელებს და რეგიონის წარმომადგენლებს წარუდგინა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინეს.

მათთან ერთად შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და შენგელიას მხარდაჭრისკენ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდემა ზვიად ძიძიგურმა და პრემერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავად გიორგი შენგელიამ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, ზუგდიდელებს კი დაპირდა, რომ სხვადასხვა სფეროში ეფექტურ საქმიანობას განახორციელებს და პრობლემებს მოაგვარებს.



შეხვედრაზე დასაწრებად მოქალაქეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ.

„ჭკადუაშიდან ჩამოვედით. მშვენიერი, წარმატებული ახალგაზრდაა, ჯერ არ ვიცით, დღეს გავიცანით. ამოვა სოფელში და გააკეთებს ყველაფერს, ალბათ, გვჯერა“, - აღნიშნა სოფელ ჭკადუაშის მცხოვრებმა.


გეგა შენგელიას წარდგენას დაესწრო ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის კოლექტივიც. როგორც სკოლის დირექტორმა ლუიზა შონიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი დადიანების სასახლის ეზოში საკუთარი სურვილით მოვიდნენ.

„ზუგდიდი იქნება მოწესრიგებული, დაატყობს თავის ხელს, ასე მგონია. ვიცოდით, რომ შეხვედრა იყო და მთელი კოლექტივი წამოვედით“, - თქვა მან.



წარდგენის ცერემონიაზე ზუგდიდელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, მაჟორიტარები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


წარდგენის შემდეგ ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართა.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
Print