რეგიონი
მერის მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეებზე: ეს იყო პოლიტიკური სპექტაკლი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას შეფასებით, საკრებულოს სხდომაზე დღეს ზუგდიდელების ნაწილის მიერ გამოხატული პროტესტი პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო. მისი თქმით, მსგავს საქციელს გამართლება არ აქვს.

„ძველ სპარტაში იყო სახალხო კრება, რომელზეც გამარჯვებული ის მხარე გამოვიდოდა, რომელიც ყველაზე მეტს იყვირებდა. ასე იყვნენ დღეს აქ. შინაგანად, მე მგონი, ოპონენტებიც კი ეთანხმებიან ზუგდიდში ბრენდული სასტუმროს არსებობას, რომ ბევრი ინვესტიცია განხორციელდეს. ის, რაც დღეს აქ მოხდა, იყო პოლიტიკური შოუ, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - თქვა ნანავამ.

მას ადგილზე მყოფმა მარიკა თოდუამ ჰკითხა, როგორ განიხილავდა ნანავა მის მონაწილეობას დღევანდელ სხდომაზე, რაზედაც მერის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა, რომ ის თოდუას პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილად მიიჩნევს.

„ამის არ გრცხვენიათ, რომ მოქალაქეების აზრს პოლიტიკურ შოუს უწოდებთ?, - ჰკითხა თოდუამ ნანავას, რაზედაც მან უპასუხა, რომ არ რცხვენია, რადგან „ნახა ის, რაც ნახა“.

ზუგდიდის საკრებულომ სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით დღეს მიიღო. მანამდე ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გატანის საკითხზე მსჯელობდნენ, ხმაური იყო. მას სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის შესაძლო გაყიდვას აპროტესტებდნენ.



Print