ახალი ამბები
მამუკა წოწერია მოედანზე ფრესკის აღმართვაზე: შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობებს ზღუდავდეს (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრებით, ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვამ, შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობები შეზღუდოს. მამუკა წოწერიას თქმით, საკითხის გარშემო მსჯელობა და კონსულტაციები გაიმართება.

„ლოგიკა არსებობს იმაში, რომ ცენტრალური მოედანზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მართლმდიდებლური საკულტო ნაგებობის არსებობა, შესაძლოა, ზღუდავდეს სხვა სამოქალაქო აქტივობებს .კონსულტაციებს გავმართავთ, როგორც მოსახლეობასთან, ასევე, სამღვდელოებასთან. აუცილებლად განსახილველია სანდრო სორდიას ინიციატივა, რომ ფრესკა განთავსდეს მაცხოვრის კარის ეკლესიაში. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის მისაღები“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია მოედანთან ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსებას არ ეთანხმება. ამის შესახებ დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. სორდიას მიაჩნია, რომ ფრესკის განთავსება რელიგიურ დაწესებულებებში უფრო მიზანშეწონილი იქნება.

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტისა და შემდეგ ფრესკის აღმართვის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია.

ცენტრალურ მოედანზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით აღმართეს.






Print